- საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით, აბაშის მუნიციპალიტეტში ევროპის სპორტის კვირეული ჩატარდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა სპორტული აქტივობა. ჩატარდა შეჯიბრება ჭადრაკსა და ბალახის ჰოკეიში, ასევე ქალაქის ტერიტორიაზე გაიმართა საინტერესო ველორბოლა.
ღონისძიებაში აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კვირეულის დასასრულს გამარჯვებულებს დიპლომები გადასცა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ნათია იობაიამ. 2018 წელს საქართველო ევროკომისიის ინიციატივას – ევროპის სპორტის კვირეულს პირველად შეუერთდა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის მასშტაბით სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას და სპორტის მასობრიობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას.