- ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გელა ხოშტარიამ, ომის, შრომისა და სამხედრო ძალების აბაშის ვეტერანთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, ზაურ თელიამ და მერიის სამსახურების წარმომადგენლებმა 9 მაისის ობელისკი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.
„ყველა ვეტერანს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან დღეს, სიმბოლურია, რომ ახალგაზრდები შეიკრიბნენ დღეს აქ და მათი თავდადება, გმირობა, ერთგულება სათანადოდ დააფასეს, პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას, თაობები სამარადისოდ შეინახავენ მათ სახელებს, ქედს ვიხრი ჩვენი სახელოვანი ვეტერანების წინაშე,“-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს 9 მაისისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია. ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ, ამასთან ერთად, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ომის მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ორ ვეტერანს დავით კაჭარავას და გერონტი გოგავას 1000-1000 ლარი გადაეცათ.
ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.