- აბაშაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული კომპოზიცია, კულტურის ცენტრთან არსებული საშემსრულებლო ანსამბლების მონაწილეობით, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში გაიმართა.
1991 წლის 31 მარტს, ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“.
რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა. საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მწერალს, მთარგმნელს, დისიდენტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ეროვნულ გმირს, ზვიად გამსახურდიას 84 წელი შეუსრულდებოდა.