- დღეს, ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან და ახალგაზრდებთან ერთად, ყვავილებით შეამკო ეროვნულ გმირთა, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში არსებული კონსტანტინე გამსახურდიას ბიუსტი და პატივი მიაგო მწერლის ხსოვნას.
დღესვე, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 129-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საზოგადოებას ეს დღე მიულოცეს, დიდოსტატის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს: აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა, ლაშა გვასალიამ, აბაშის რესურსცენტრის უფროსმა, მერაბ მიგინეიშვილმა. „თითოეული ქართველისთვის, განსაკუთრებით კი აბაშელებისთვის საამაყოა, რომ აქ, ამ მიწაზე დაიბადა უდიდესი კლასიკოსი, კონსტანტინე გამსახურდია. მან ევროპის არაერთი ქვეყანა მოიარა, სამეგრელოს ამ პატარა კუთხეს კი არასოდეს ივიწყებდა. თითქმის ყველა ქართველმა იცის მისი უკვდავი ფრაზა: “მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას, მას ჰქვია სახელად ზანა…“. საბედნიეროდ, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ძვ. აბაშაში, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესი დაწყებულია. ეს იქნება არამარტო მუზეუმი, არამედ კულტურული კერა, სადაც ჩატარდება შემოქმედებითი საღამოები, შეხვედრები, გამოფენები და ა. შ. რომლებიც საშუალებას მისცემს მომავალ თაობებს, სათანადო პატივი მიაგონ ღირსეულ წინაპარს. მწერლის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „კონსტანტინეობა“ წელს განსხვავებულად აღინიშნა. სრულიად საქართველოს, თითოეულ თქვენგანს, სტუმრებს, კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ დიდი მწერლის დაბადების დღეს – კონსტანტინე გამსახურდია 129 წლის გახდებოდა,“_აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
ღონისძიებაზე სენაკის ახალგაზრდული თეატრ „ფიროსმანის“ (მთავარი რეჟისორი ვეფხია გორგოძე) მიერ წარმოდგენილ იქნა თეატრალური იმპროვიზაცია-,,კონსტანტინე გამსახურდიას გახსენება“. შესრულდა მეგრული ფოლკლორული სიმღერები, ასევე აფხაზური სიმღერა „შარათინი“. ღონისძიებაში მონაწილეობდა სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი ,,ჰარირა“. პატარა დეკლამატორებმა წაიკითხეს დიდოსტატისადმი მიძღვნილი ლექსები.
კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილ საღამოს ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მოადგილე, გიგა ჯვარელია, მერიის, საკრებულოს წარმომადგენლები, სტუმრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.
ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
1631632 კომენტარი20 გაზიარებამომწონსკომენტარის დატოვებაგაზიარება