- აბაშის მუნიციპალიტეტში, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში საგანგებო მართვის გეგმების შემუშავებაზე პრაქტიკული სწავლება ჩატარდა.
პრაქტიკული სწავლებაში მერიის უფლებამოსილი პირები მონაწილეობდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მოადგილე, გიგა ჯვარელია, შსს აბაშის რაიონული სამმართველოს უფროსი, დავით გვაძაბია, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი, გოჩა მურღულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციალისტები, მერიის სამსახურების უფროსები, წითელი ჯვრის წარმომადგენლები.
სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლების პირველი და მეორე ეტაპი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების ექსპერტებმა, თებერვალსა და მაისში ჩაატარეს.
პირველ ეტაპზე მსმენელებს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიული სწავლება ჩაუტარდათ. ტრენინგის მეორე ნაწილში კი, შეიქმნა საგანგებო მართვის გეგმა, რომლის გადამოწმება პრაქტიკულ ნაწილში განხორციელდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საველე მართვის ცენტრს ესტუმრნენ მოსწავლეები და საბავშვო ბაღების აღსაზრდელები, მეხანძრე-მაშველებმა საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესებისა და მოქმედების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ახალგაზრდებმა მეხანძრე-მაშველთა სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სწავლებებს სისტემატურად ატარებს. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ტარდება.
აღნიშნული პროგრამა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისაგან დაცვას ემსახურება და “კლიმატის მწვანე ფონდის” (GCF), ასევე, საქართველოს, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.
ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.