- აბაშის მუნიციპალიტეტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
“საქართველოვ, ჩემი გული სანთელივით უნდა გენთოს…“-ქართული მუსიკის კონცერტი ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. შესრულდა ვაჟა აზარაშვილის საფორტეპიანო ნაწარმოებები და საესტრადო სიმღერები. საქართველოს ხელოვნების აკადემიის ორგანიზებით გამართულ სენაკის ”დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ხელოვნების ფესტივალში”, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პატრონაჟით ტარდება, ხელოვნების სკოლის სამუსიკო განყოფილების საფორტეპიანო და სიმღერის სპეციალობის მოსწავლეებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა. საპატიო სიგელები მოსწავლეებს გიგა გაბელაიამ გადასცა.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ფოიეში აბაშელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
17:10 საათზე, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების მიერ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
დასკვნითი საზეიმო კონცერტი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში გაიმართა.