- აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია: სანიაღვრე არხები, სკვერები და თავშეყრის ადგილები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები და გზისპირა მოსაცდელები, ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. აბაშის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 500 000 ლარია გამოყოფილი.
უწყების ცნობით, პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად, ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის ექვსივე სოფელში, მოსახლეობასთან გამართულ საერთო კრებებს/კონსულტაციებს ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიგა ჯვარელია და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
მოსახლეობამ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, გამოიკვეთა კონკრეტული წინადადებები.ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით შეირჩა დასაფინანსებელი პროექტები: აბაშის პირში-სანიაღვრე არხების ამოწმენდა, ნორიოში-მდ. ცუდღარზე დამცავი ჯებირის მოწყობა, საბოკუჩაოში-არსებული სტადიონის რეაბილიტაცია, ძიგურში -შიდასასოფლო გზის რეაბილიტაცია, მაცხოვრისკარსა და საგვაზაოში სკვერების მოწყობა. წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყობა ფრენბურთის მოედანიაბაშის მუნიციპალიტეტის 16 ადმინისტრაციულ ერთეულში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან კონსულტაციები ეტაპობრივად გაიმართება.