- დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომზე ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა.
ერთდღიან ტურნირში აბაშის, ზუგდიდის, სამტრედიის, ახმეტისა და სენაკის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დოღში, რომელიც 1600 მეტრიან დისტანციაზე გაიმართა, სამტრედიელმა მხედარმა, ვარდენ კიკაჩეიშვილმა გაიმარჯვა. 1400 მეტრიან დისტანციაზე აბაშელმა მხედარმა-საბა ხურციამ, ნახევრად წმინდა სისხლის მქონე ცხენებს შორის დოღში ზუგდიდელმა საბა ეხვაიამ მოიპოვა გამარჯვება, ხოლო სამ წლიან წმინდა სისხლის მქონე ცხენებში 1800 მეტრზე, აბაშელმა საბა თელიამ. ცხენბურთში სენაკელებს ხვდათ წილად გამარჯვება, ისინდი კი აბაშისა და სენაკის გუნდებს შორის თანაბარი ქულებით დასრულდა.
გამარჯვებული მხედრები და პრიზიორები აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ფულადი პრიზებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
მხედრებს ჯილდოები, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ და წინა მოწვევის საკრებულოს წევრმა, შშმ პირთა ორგანიზაცია „სიკეთის მაძიებელის“ ხელმძღვანელმა, ირაკლი ჭანტურიამ გადასცეს. ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ააიპ „აბაშის სპორტის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.