- ბოლო დღეების განმავლობაში აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანსა და ტყვირში 51 კოვიდ დადებითი შემთხვევა გამოვლინდა. რის გამოც სოფელში პოლიციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და ჯანდაცვის უწყებების მკაცრი კონტროლი ხორციელდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, აბაშის მერთან ლევან მაკალათიასთან ერთად გაეცნო და ეპიდემიოლოგებისგან არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მოისმინა. “აბაშის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მარანსა და ტყვირში გვაქვს კორონავირუსის ახალი შემთხვევები. სოფელ მარანში დაფიქსირდა 36 შემთხვევა, ხოლო ტყვირში 15 შემთხვევა, მათ შორის არიან ბაღის აღმზრდელები, სკოლის მასწავლებლები და რამდენიმე მოზარდი, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება ამ სოფლებში საგანმანათლებლო დაწესებულებები დროებით დავხუროთ. აღნიშნულ სოფელებში მიმდინარეობს მასიური ტესტირებები, ხდება სოფელში მცხოვრები ადამიანების თერმოსკრინინგი, რათა დროულად იქნას გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები და არ მოხდეს გავრცელება. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო დაიცვან რეგულაციები და ატარონ პირბადე” – განაცხადა მალხაზ თორიამ.
გამოკვლეულია კოვიდ დადებითი მოქალაქეების კონტაქტები, მათი ნაწილი დღეს გაიტესტა და პროცესი გრძელდება. სოფელში პოლიციასთან ერთად მიმდინარეობს მოქალაქეების თერმოსკრინინგი, ჯანდაცვის მუნიციპალური დანაყოფის მიერ ხორციელდება ადგილობრივების მასიური ტესტირება.
სოფელში მომდევნო 12 დღის განმავლობაში მკაცრი კონტროლი განხორციელდება.