- დღეს, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში, ხელოვნების სკოლის სამხატვრო განყოფილების მოსწავლეთა ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა.
აბაშის მუნიხიპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება 20 მაისამდე გაგრძელდება, შემოსული თანხით მოსწავლეები სოციალურად დაუცველ თანატოლებს დაეხმარებიან.
საგამოფენო სივრცეში მოსულ დამთვალიერებელს 10 ახალგაზრდა მხატვრის 25 ფერწერული ტილოს დათვალიერების და შეძენის შესაძლებლობა აქვს.
გამოფენაზე წარმოდგენილია ხელოვნების სკოლის სამხატვრო განყოფილების მოსწავლეების: ნანო ნადარეიშვილის, ანასტასია მიგინეიშვილის, თინათინ მიგინეიშვილის, აზა მარუაშვილის, ვახო კუპრეიშვილის, ქეთევან ბაახიას, ნატალი ქვილითაიას, ლიზი რატიანის, საბა სიგუას და ანი ლიფარეიშვილის ნამუშევრები.
როგორც ხელოვნების სკოლის სამხატვრო განყოფილების მასწავლებელმა, შაქრო ტყვაცირიამ აღნიშნა, გამოფენა-გაყიდვა მოსწავლეთა ინიციატივით იმართება, მან მადლობა გადაუხადა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრს მხარდაჭერისთვის.
გამოფენა-გაყიდვაზე იმყოფებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პედაგოგები, ახალგაზრდა მხატვრების ახლობლები.