- აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან, მამუკა თელიასთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლებსაც 3 ან მეტი არასრულწლოვანი ჰყავთ, საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.
მერის წარმომადგენლებს დაევალათ ინფორმაციის მოძიება იმ უსახლკარო ოჯახების შესახებ, რომელთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა შესაძლებელია, განხორციელდეს ამავე პროგრამის შესაბამისად.
პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება და მისი ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.
ასევე, შეხვედრაზე განიხილეს განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური პროექტები, მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებები, საუბარი შეეხო ადმინისტრაციული ერთეულებისთვის აქტუალურ საკითხებს, იმ პრობლემებს, რომლებიც შესაბამისი სამსახურების ჩართულობით უახლოეს მომავალში, შესაძლებლობის ფარგლებში გადაიჭრება.