- 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ირაკლი პერტენავამ, მერიის თანამშრომლებმა, საკრებულოს წევრებმა და მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. შესრულდა საგალობლები, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე.
საქართველოს ისტორიაში 9 აპრილი ორ მნიშვნელოვან თარიღს უკავშირდება_1989 წლის ტრაგედიასა და დამოუკიდებლობის აღდგენას 1991 წელს.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა.
9 აპრილიდან ზუსტად ორი წლის თავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.