- ირანში, გილანის პროვინციაში, კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქ ენზელში, დღესაც არსებობს აკაკი ხოშტარიას სასახლე უმშვენიერესი ბაღით. პირველ სართულზე სამხედრო–საზღვაო მუზეუმია, მეორეზე კი გამოფენილია აკაკის პირადი ნივთები.
წყაროს ინფორმაციით: ‘ბერლინში გამომავალი რუს-დემოკრატთა ყოველდღიურ გაზეთ – „რულის” ჟურნალისტი, ვინმე ვლადიმერ ნემგინსი, 1924 წელს თავის წერილში აკაკი ხოშტარიას მოიხსენიებს, როგორც „ირანის უგვირგვინო შაჰს” და პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის, როგორც „საქართველოსადა ირანის მნიშვნელოვანი ნაწილის ფაქტობრივ მფლობელს”.
აკაკი ხოშტარია აბაშელი იყო, სოფელ სუჯუნადან. რა იცის ისტორიამ მის შესახებ?
“აკაკი ხოშტარია დაიბადა 1873 წელს აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში, ტახტის აზნაურის ოჯახში. აკაკის მამა, მეთოდე, მეთო ხოშტარია იყო დადიანების მოურავი, განაგებდა სადადიანოს მეურნეობას და ცნობილი იყო თავისი სიდინჯე–გონიერებით. ზოგიერთი ცნობით, მას ევალებოდა სამეგრელოს საეკლესიო მიწების გამგებლობა და სუჯუნის წმინდა გიორგის ხატის დაცვა. დედა – ვარდიკო ავალიანი, საკმაოდ წიგნიერი და განათლებული ქალი ყოფილა. აკაკი სამი შვილიდან შუათანა იყო. უფროს ძმას, გიორგის, პეტერბურგის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, სპეციალობით მათემატიკოსი იყო და წლების მანძილზე სხვადასხვა ქალაქის გიმნაზიებში ასწავლიდა. უმცროსი და – ანა გათხოვდა გიორგი ჭყონიაზე. იგი ოზურგეთის გიმნაზიაში მასწავლებლად მსახურობდა და 1928 წლიდან ოჯახთან ერთად თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.”
“XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის პირველ მეოთხედში რუსეთის იმპერიის სინამდვილეში ქართველ მეწარმე-მეცენატთა შორის ფართო თვალსაწიერით, ანალიტიკური მახვილგონივრულობით, აზარტული გატაცებით, პროექტებისა და ქმედებათა ფანტასტიკური მასშტაბურობით გამოირჩეოდა აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარია. მისი საქმიანობის ძირითად ასპარეზს წარმოადგენდა სამხრეთ კავკასია (განსაკუთრებით ბაქო), თურქეთი და ირანის ჩრდილო რაიონები.
აკაკიმ სასოფლო-სამეურნეო კოლეჯი დაამთავრა სანკტ-პეტერბურგში. რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრაში, პრინც ოლდენბურგთან სუპერინტენდანტად მუშაობდა. მან დაგეგმა და მეთვალყურეობას უწევდა ყველა ბულვარისა და ბაღის მოწყობას მთელს შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე. შემდგომშიც ზუნავდა ამ ადგილების გამწვანებაზე. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და დაფინანსებით გაშენდა ახალი ათონის ცენტრალური პარკი, იალტის მთავარი ბაღი, ბათუმის მთავარი ზღვისპირა ბულვარი და მახინჯაურის ბოტანიკური ბაღი.
ახალგაზრდობაში იგი ფოთში მეგობრობდა მეწვრილმანე ვაჭარ, ვინმე ზოდელავასთან. ერთხელ მათ გადაწყვიტეს სავაჭრო გემით ნავთი წაეღოთ ოდესაში სარეალიზაციოდ, მაგრამ ტუაფსეში ამოვარდნილმა ქარიშხალმა გემი თურქეთში გაიტანა, სადაც ნავთი ოქროს ფასად გაყიდეს. აკაკი ამ შემთხვევამ სამეწარმეო საქმიანობაზე დააფიქრა. იგი თურქეთიდან ბაქოში გაემგზავრა და ნავთობმრეწველ მუსა ნაგიევისგან ნავთობსარეწი დანადგარები, ბათუმში კი სავაჭრო აქციები შეიძინა და მთლიანად ნავთობსამრეწველო საქმიანობაზე გადაერთო.
პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში აკაკი ხოშტარიამ ბაქოში ჩამოაყალიბა მსხვილი სამრეწველო კომპანია, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ირანში წარმართავდა სავაჭრო ოპერაციებს. კომპანიაში გაერთიანდნენ ნავთობის ინდუსტრიის ცნობილი მრეწველი-კაპიტალისტები. აკაკი ხოშტარია იყო, იმ დროის საქართველოში ერთადერთი ნამდვილი მილიონერი, რომელმაც ნავთობის კონცესიები შეიძინა სპარსეთში და ჩამოაყალიბა ფირმა, სახელად „რეპენტო” (Русско-персидское нефеяное товарищество). ეს იყო ყველაზე დიდი და ფინანსურად ყველაზე ძლიერი ფირმა, რომლის მსგავსიც კი ქართველებს ოდესმე შეუქმნიათ – მისი პრეზიდენტი იყო აკაკი ხოშტარია“.
სანავთობე ამხანაგობა „რუპენტოს“ გარდა აკაკი ხოშტარიამ ბაქოში დააარსა კომერციული ორგანიზაცია – თურქულ-სპარსული „ხოშტარიას ბანკი“, 1913 წელს აკაკი ხოშტარიამ დადო 99 წლიანი კონტრაქტი ჩრდილოეთ ირანის მიწათმფლობელებთან, დააარსა კომპანია „პერსლესი”, რომლის კაპიტალი შეადგენდა რამდენიმე მილიონ ოქროს რუბლს. ააშენა თავისი საკუთარი საამქროები, ელექტრონით მოქმედი ქარხნები და სპეციალური სარკინიგზო ხაზი – „ტალრუდი”, ხის მორების გადასაზიდად. ეს ირანისთვის პირველი რკინიგზის ხაზი იყო.
სამეწარმეო და სავაჭრო საქმიანობით აკაკიმ ირანის შაჰის კარზე დიდი გავლენა მოიპოვა.
1914 წელს აკაკიმ დააარსა სატრანსპორტო კომპანია თეირანსა და ფეჰლევს შორის. იგი იყო პირველი, რომელმაც ავტომობილი „ფორდი” შემოიყვანა ირანში, რომელსაც ოქროს ფრთები ჰქონდა სამკაულად. მან ეს მანქანა საჩუქრად მიართვა აჰმედ შაჰს.”
ამონარიდები წერილიდან: აკაკი ხოშტარია