- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია და საქართველოს პარლამენტის წევრი, ლევან მგალობლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, გელა ხოშტარიასთან, მერიის სხვადასხვა სამსახურისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ონტოფოში, ვაზიანის სამხედრო ბაზის იურისტის, უფროსი ლეიტენანტის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანის, გიორგი ნადარეიშვილის საფლავზე იმყოფებოდნენ, ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და ყვავილებით შეამკეს საფლავი.
ონტოფოს წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში, ასევე წყემში, აგვისტოს ომის გმირის, ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის, მეორე მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაურის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანის, უფროსი ლეიტენანტის, სერგო მელიას მშობლიურ სოფელში, წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიაში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები გაიმართა. სერგო მელია დაკრძალულია თბილისში, ძმათა სასაფლაოზე.
„2008 წლის აგვისტოში ქართველმა ხალხმა კვლავ იხილა რუსეთისაგან ომის სისასტიკე. ჩვენმა ვაჟკაცებმა საკუთარი სიცოცხლე მიიტანეს მამულის სამსხვერპლოზე. მათ საოცარი გმირობა გამოიჩინეს, სისხლით იცავდნენ თითოეულ გოჯს ქართული მიწისას. ჩვენ ვამაყობთ გმირებით და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას.
ვალდებულნი ვართ, გიორგი ნადარეიშვილის, სერგო მელიას და სხვათა სახელები თაობებს შემოვუნახოთ, რათა მუდამ ახსოვდეთ და პატივს მიაგებდნენ მათ, ვინც სამშობლო დღევანდელ დღემდე მოიტანა და არ ივიწყებდნენ ქვეყნის ერთიანობის და თავისუფლების მთავარ იდეას!“,-განაცხადა გიგა გაბელაიამ ონტოფოში, გიორგი ნადარეიშვილის საფლავის შემკობისას.
გიორგი ნადარეიშვილის ოჯახს მუნიციპალური სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში 500 ლარი გადაერიცხა.