- აბაშის მუნიციპალიტეტში, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის მცირე დარბაზში ქართველი მწერლის, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, დუტუ მეგრელის (დიმიტრი ხოშტარია) 155 – ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები. ახალგაზრდებმა წაიკითხეს ლექსები, მოთხრობა, ნაწყვეტები დუტუ მეგრელის შემოქმედებიდან, ისაუბრეს პოეტისა და მისი მეუღლის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
საღამოს ესწრებოდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, პოეტის შემოქმედების თაყვანისმცემლები.
ღონისძიება მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის მთავარი ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა.
დუტუ მეგრელი არის დიმიტრი თომას ძე ხოშტარიას ლიტერატურული ფსევდონიმი. იგი დაიბადა 1867 წლის 26 ოქტომბერს აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში. ლექსებისა და მოთხრობების გარდა შექმნილი აქვს პოემები, იგავ-არაკები, არის მრავალი პუბლიცისტური წერილის ავტორი. აგრეთვე შესრულებული აქვს ევროპელ და რუს კლასიკოსთა ნაწარმოებების თარგმანები.
დუტუ მეგრელი გარდაიცვალა 1938 წლის 13 მარტს, თბილისში. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.