- სტიქიისგან შექმნილი ვითარების გამო, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო თათბირი გაიმართა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილეებთან ერთად სამსახურების უფროსებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და მობილური ჯგუფების წევრებს შეხვდა.
თათბირზე უამინდობის გამო შექმნილი ვითარება განიხილეს, დაისახა პრობლემების გადაჭრის გეგმა.
მერიაში შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით მონიტორინგს ახორციელებენ.
ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, მოგლეჯილია ხეები, რის შედეგადაც პერიოდულად იხერგება გზები. საცხოვრებელ სახლებზე გადახდილია სახურავები, დაზიანებულია სასკოლო ინფრასტრუქტურა, საახალწლო განათებები.
ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს, სადაც შესაბამისი სამსახურის ბრიგადები დილიდანვე აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ.
გიგა გაბელაიას განცხადებით, შესაბამისი სამსახურები, რომლებიც პროცესებში კოორდინირებულად და ოპერატიულად არიან ჩართული, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, მობილიზებულია მერიის ყველა უწყება. ასევე საგანგებო ვითარებაში მუშაობენ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.
სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.
აბაშის მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.
საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 599 44 88 58