- აბაშის მუნიციპალიტეტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ამ დღესთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო კონცერტი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში გაიმართა. ღია სცენაზე ჩატარდა ხელოვნების სკოლის აღსაზრდელთა კონცერტი, შესრულდა საფორტეპიანო ნაწარმოებები და ქართული საესტრადო სიმღერები.
საქართველოს ხელოვნების აკადემიის ორგანიზებით გამართულ სენაკის ”დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ხელოვნების ფესტივალში”, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პატრონაჟით ტარდება, ხელოვნების სკოლის სამუსიკო განყოფილების ფორტეპიანოს სპეციალობის მოსწავლეებმა და სკოლის გაერთიანებულმა აკადემიურმა გუნდმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა. საპატიო სიგელები მოსწავლეებს გიგა გაბელაიამ გადასცა.
მოეწყო აბაშელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.
17:10 საათზე შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
საზოგადოებას ეს დღე მიულოცა და სიტყვით მიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ.
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს – 26 მაისს. 1918 წლის 26 მაისს ასრულდა ყველა ქართველის საუკუნოვანი ოცნება და ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
დღეს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა, მისი და ზვიად გამსახურდიას თავგანწირულმა სულისკვეთებამ შეგვაძლებინა სუვერენული უფლებების აღდგენა. ვალდებულნი ვართ, არასოდეს დავივიწყოთ ისინი.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ქართველ ჯარისკაცებს, ემიგრანტებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს, მედიკოსებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველო.
პატივს მივაგებთ ყველა იმ გმირს, რომელთაც საუკუნეთა განმავლობაში სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლას შესწირეს თავი“-აღნიშნა თავის გამოსვლაში გიგა გაბელაიამ.
26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ჰარირა“, ასევე საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ანანური“, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ბერეხა“, საესტრადო მომღერლები.
ღონისძიება მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.