- აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, აბაშელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გაემგზავრნენ.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სსიპ-ახალგაზრდობის სააგენტოს პროგრამის -,,ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის“ პროექტის – ,,ახალგაზრდული ბანაკების“ ფარგლებში, პირველ ნაკადზე, 9 აბაშელი ახალგაზრდა ჩაერთვება ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ახალგაზრდებს ესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რაც მათ გააჩნიათ მუნიციპალიტეტში. „გართობასა და დასვენებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ბანაკში მყოფი ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ ინტერაქციულ-საგანმანათლებლო შეხვედრებში, კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებში, სპორტულ ოლიმპიადასა და სხვადასხვა ტურნირში, დაუმეგობრდებიან თანატოლებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, ეს ზაფხულის პერიოდის საინტერესოდ გატარებასთან ერთად მათში ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას შეუწყობს ხელს“,-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
საბანაკე პროგრამა შვიდდღიანია. ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში წელს აბაშელი ახალგაზრდები ორ ნაკადად ისევ გაემგზავრებიან. ბანაკში გამგზავრებას ორგანიზებას უწევს მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარებისთვის ბანაკების მართვა სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო ახორციელებს.