- საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანს ეწვია და კულტურის სახლის უნიკალური შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. მინისტრთან ერთად სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ აზნაურაშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია და შპს „იუკონი და კომპანიის“ დირექტორი, მაყვალა აბულაძე.
სოფელ მარანში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს.
მინისტრის გადაწყვეტილებით, მარნის კულტურის სახლს სრული რეაბილიტაცია უტარდება, რის შემდეგაც იგი თანამედროვე სტანდარტის მულტიკულტურულ ცენტრად იქცევა და რეგიონის მასშტაბით არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო კულტურულ პროექტს უმასპინძლებს. შენობა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია რეგიონში და მას 2016 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
უნიკალური კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაცია 2021 წლის სექტემბერში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის აბაშის მუნიციპალიტეტში სტუმრობისას გადაწყდა.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს ინიციატივით 2021 წლის დეკემბერში მარნის კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტი შემუშავდა, რისთვისაც სამინისტრომ 133,331 ლარი გამოყო.
კულტურის სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ორი ეტაპი უკვე დასრულებულია, ამჟამად მიმდინარეობს ბოლო, მესამე ეტაპი.
ბოლო ეტაპისთვის გათვალისწინებულია: ფასადების რეაბილიტაცია; შიდა სარემონტო სამუშაოები; შენობის მხატვრობის, დეკორატიული ორნამენტებისა და სხვა ღირებული ელემენტების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები; ნაგებობის ტექნიკური აღჭურვა და ტერიტორიის კეთილმოწყობა.
ტენდერი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „იუკონი და კომპანია“ ახორციელებს.
რესტავრაცია-რეაბილიტაციის შედეგად სრულად შენარჩუნდება და აღდგება შენობის ისტორიული იერ-სახე, შენობის ექსტერიერსა თუ ინტერიერში შემორჩენილი ყველა არქიტექტურული თუ მხატვრული ელემენტი.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს