- აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თანამედროვე, ევროპული სტანდარტის, „ისუზუს“ ფირმის 2 სამგზავრო ავტობუსი ეყოლება. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
“პროექტი ითვალისწინებს „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას, რომლებიც ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილდა. ავტობუსები მოქალაქეების შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებას მოემსახურება.
ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსების შეძენით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება. გარდა ამისა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. პროგრამა ემსახურება შიდა საქალაქთაშორისო მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასა და შემდგომ განვითარებას.
ახალი ავტობუსების შესყიდვისთვის ბიუჯეტიდან 53 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებულმა კომპანიამ „ჯითი გრუპი“, 51 ერთეული ავტობუსი საქართველოში უკვე ჩამოიყვანა, პროცესი გრძელდება მიმდინარე წლის ბოლომდე, ავტობუსების ნაწილი კი ქვეყანაში 2024 წლის დასაწყისიდან ეტაპობრივად ჩამოვა.
გარდა ავტობუსებისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტებისთვის ასევე შეძენილია 90-მდე, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში (სულ 49 მუნიციპალიტეტში) გადანაწილდება.
ნაგავმზიდების შესყიდვა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა, რომლის ღირებულებაც 33 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.”-აღნიშნულია აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.