- აბაშის მუნიციპალიტეტში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი ყველა საბავშვო ბაღში განახლდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბაღები უზრუნველყოფილია კვების პროდუქტებით, სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით, პერსონალთა კარადებით, სხვა ყველა საჭირო ინვენტარით. მოწესრიგებულია სველი წერტილები და სამზარეულოები.
“აბაშის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 415-მდე აღსაზრდელი ირიცხება. ბაღები დაკომპლექტებულია შესაბამისი კადრებით, ყველა აღმზრდელ-პედაგოგი გადამზადებულია.
მიმდინარეობს ქალაქ აბაშის N1 ბაგა-ბაღის, სოფელ მაიდნის და სოფელ მარნის საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. სამუშაოები სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, შეიცვლება სახურავი და კომუნიკაციები, დამონტაჟდება ახალი გათბობის სისტემა, მოეწყობა ეზო და ატრაქციონები, ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და გათვალისწინებული იქნება ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები.
იმ საბავშვო ბაღების აღსაზრდელები, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, მშობლების სურვილისამებრ გადანაწილებულები არიან ახლო მდებარე ბაღებში.
მნიშვნელოვანია, რომ სამიქაოში, კეთილარში, ნაესაკოვოსა და სუჯუნაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები შენდება.”-ნათქვამია აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.