- აბაშის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩა. პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად, საერთო კრებები და კონსულტაციები 29 იანვარს დაიწყო და 35 სოფელში გაიმართა.
“მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვიტა, რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიები გახლდათ: სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები და ა. შ), სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა, ხიდები, ცხაურები, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი, სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე, სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით, წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი, სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა, გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.
აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 500 000 ლარი დაიხარჯება”-აღნიშნულია ინფორმაციაში.