- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე, ამნისტიის კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან და დაინტერესეულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილე, გიგა ჯვარელია, მერიის სამსახურების უფროსები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროკურორმა თეიმურაზ ჯალაღონიამ მოსახლეობას ახალ კანონთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცა. კერძოდ, განუმარტა თუ რა ტიპის მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება კანონი და ვის ეხება ის; ასევე, თუ რა ვადებში და რა ფორმით შეუძლიათ სახელმწიფოსთვის ზიანის ანაზღაურება პირებს, რომლებიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
ამნისტიის შესახებ ახალი კანონის მიზანს იმ ათასობით მოქალაქის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება წარმოადგენს, რომლებმაც სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები დანაშაულებრივი გზით მიისაკუთრეს. ამნისტიის კანონის გამოყენებით, პირი ნასამართლევად არ ჩაითვლება.